ახალი ამბები

NATO ჩეხეთს რუსეთის წინააღმდეგ სოლიდარობას უცხადებს

22 აპრილი, 2021 • 691
NATO ჩეხეთს რუსეთის წინააღმდეგ სოლიდარობას უცხადებს

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რომელიც NATO-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა, გმობს “რუსეთის დესტაბილიზაციის შემქნელ მოქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკას”.

“ალიანსი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ მოწყობილი დესტაბილიზაციის შემქნელი მოქმედებების გამო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ალიანსის ტერიტორიაზეც, და სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთს”, – ნათქვამია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

დღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს წარუდგინა მოხსენება ჩეხეთში რუსეთის მოქმედებების შესახებ, რომელმაც გამოიწვია 2014 წელს ტყვია-წამლის საცავის აფეთქება ვრბეტიცეში, რასაც ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

ჩეხური მხარის განცხადებით, მათ დაადგინეს აფეთქებაში მონაწილე ორი რუსი დაზვერვის ოფიცრის ვინაობა, რომლებიც ასევე იძებნებოდნენ დიდი ბრიტანეთის მიერ 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო.

მომხდართან დაკავშირებით ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 ოფიციალური პირი. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციამ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

კრემლის განცხადებით, ჩეხეთის მოქმედებები “ისტერიაა”.

ჩეხური მხარის განცხადებით, ისინი კვლავ აპირებენ დამატებითი ზომების მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი