ახალი ამბები

სომეხთა გენოციდის აღიარება თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს დააზიანებს — ჩავუშოღლუ

22 აპრილი, 2021 • 726
სომეხთა გენოციდის აღიარება თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს დააზიანებს — ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, “ვაშინგტონის მიერ სომეხთა გენოციდის რაიმე ფორმით აღიარება დააზიანებს თურქულ-ამერიკულ ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს”.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს.

“განცხადებები, რომლებსაც არ აქვს არავითარი ლეგალური საფუძველი, ვერ იქნება რაიმე სარგებლის მომტანი, თუმცა დააზიანებს ურთიერთობებს. თუ ამერიკას სურს ურთიერთობების გაფუჭება, ეს მათი გადასაწყვეტია”, – განუცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ Haberturk-ს.

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა, ჯო ბაიდენი აპირებდეს სომეხთა გენოციდის ფორმალურ აღიარებას.

Associated Press-ის მიხედვით, ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეიძლება ბაიდენმა აღიაროს სომეხთა გენოციდი, არის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში სიტყვა “გენოციდის” პირდაპირი გამოყენება, რასაც ერიდებოდნენ მისი წინამორბედი პრეზიდენტები და ამის ნაცვლად იყენებდნენ სხვადასხვა ფრაზებს, მაგალითად, “ბნელი მომენტი ისტორიაში”.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი 2019 წელს, სირიაში თურქეთის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების პარალელურად, აღიარა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია სენატის კენჭისყრამდე არ მისულა. რეზოლუცია რესპუბლიკელმა ლინდი გრემმა დაბლოკა.

ანკარა უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გენოციდი მოხდა. თურქეთი ტრადიციულად მწვავედ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ სომეხთა გენოციდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი