ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, 19 აპრილს ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთხმება შესრულდება.
თბილისში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას ნიკა მელიას გათავისუფლებაზე. ჟურნალისტი დაინტერესდა, მისი აზრით, რას ელოდება ხელისუფლება ენმ-ის თავმჯდომარის გათავისუფლების საკითხში, როდესაც სახალხო დამცველი და იურისტები ამბობენ, რომ მისი გათავისუფლების მექანიზმები არსებობს.
“ამ შეთანხმებაზე დაფუძნებით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს შეთანხმება შესრულდეს. დარმუნებული ვარ, რადგან არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ სწორი მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს შეთანხმების შესრულებას”, — განაცხადა მიშელმა.
მელიას გათავისუფლებაზე კითხვას ასევე უპასუხა პრემიერმაც. მას ჰითხეს, როდის მიიღებს ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და როდის გაათავისუფლებენ ენმ-ის თავმჯდომარეს.
“ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი… მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია საპატიმროში არ დარჩენილიყო. აქედან გამომდინარე, მგონი, პასუხი კითხვაზე გაცემულია და ახლა ჯერი ოპოზიციასა და მათ ქმდებაზეა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.