ახალი ამბები

გრეგოროვა “ოცნებას” აქებს და ენმ-ს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

19 აპრილი, 2021 •
გრეგოროვა “ოცნებას” აქებს და ენმ-ს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

“მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება “ქართულ ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებული დოკუმენტს და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით კი, “ნაციონალურ მოძრაობას”, კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

“მე ცნობილი ვარ ჩემი მკაცრი დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობისადმი, რადგანაც მინდა, რომ საქართველო ახლოს იყოს ევროკავშირთან. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის მზაობისთვის და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, კონსტრუქციული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს [ვითარების] ნორმალიზაციაში”, — წერს გრეგოროვა Twitter-ზე.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

“ქართულმა ოცნებამ” მზადყოფნა გამოთქვა, ხელი მოაწეროს განახლებულ დოკუმენტს, ოპოზიციაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი