ახალი ამბები

რადიკალური ჯგუფები და ფარული კამპანიები ონლაინ 2020-ის არჩევნებზე | DFRLab-ის კვლევა

19 აპრილი, 2021 •
რადიკალური ჯგუფები და ფარული კამპანიები ონლაინ 2020-ის არჩევნებზე | DFRLab-ის კვლევა

“2020 წლის საარჩევნო პერიოდი საქართველოში ხასიათდებოდა საზოგადოების ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც უმეტესად ასახვას პოვებს ქვეყნის საინფორმაციო გარემოშიც” — ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება კვლევისა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) მოამზადა.

DFRLab-ის ანგარიში მოიცავს საინფორმაციო სივრცეში როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი გავლენებისა და ჩარევების ფაქტებს. კვლევის ავტორები არიან ეთო ბუზიაშვილი და გივი გიგიტაშვილი.

ანგარიშის თანახმად, “საშინაო პოლიტიკური აქტორები აქტიურად იყენებდნენ სოციალურ მედიას, რათა მოეხდინათ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ”

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვეყნის საშინაო აქტორების მხრიდან სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით კი Facebook-ზე, გამოვლინდა “არაავთენტური საქმიანობის”, როგორც საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალების, გამოყენების შემთხვევები, რა დროსაც ყალბი ანგარიშები საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ ოპოზიციის ლიდერებად, საინფორმაციო სააგენტოებად ან ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებად.

დოკუმენტის ავტორების თანახმად, 2020 წლის არჩევნების დროს დაფიქსირდა რამდენიმე ტენდენცია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საინფორმაციო გარემოს. მათ შორის, პოლიტიკური აქტორების მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომპანიების დაქირავების ტენდენცია ამ პოლიტიკური აქტორების მიერ საკუთარი ოპონენტების დისკრიმინაციისთვის.

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ წინასაარჩევნოდ გამოვლინდა ქართული მემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების გააქტიურების ტენდენციაც, რომელთა “დიდი ნაწილიც დაკავშირებულია კრემლთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას უარყოფენ”.

როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა “ფარული საარჩევნო კამპანიებიც”.

“ოპოზიციისა და მთავრობის საწინააღმდეგო Facebook-ის გვერდების ანალიზი ცხადყოფს, რომ გაზრდილი პოლარიზაცია და დაპირისპირების გარემო ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს ამ გვერდებისთვის, რათა გაეზარდათ საკუთარ მომხმარებელთა რიცხვი”, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საინფორმაციო გარემოზე გავლენას ახდენდა უცხოური ჩარევებიც, მათ შორის, “სპუტნიკისა” და News Front-ის მიერ პრორუსული ნარატივის გავრცელების მცდელობა. ასევე, “ახალ ფენომენს წარმოადგენდა მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნება, რაც იწვევდა ფართო პოლემიკასა და დაბნეულობას”. საანგარიშო პერიოდში ლაბორატორიას არ გამოუვლენია უცხოური ძალების მიერ საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტი, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო შედეგებზე.

კვლევის ავტორების თანახმად, საარჩევნო პროცესზე გავნლენის მოხდენის ოპერაციები კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი გრძელდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ გამოწვევაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, ადგილობრივმა და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სოციალური მედიის პლატფორმებმა. მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი როლი ამგვარი ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი