“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმას ითვალისწინებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე 43%-იანი დათქმით. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.