ახალი ამბები

„სუპერლიგა“ – იწყება თუ არა კრიზისი ევროპულ ფეხბურთში

19 აპრილი, 2021 • 961
„სუპერლიგა“ – იწყება თუ არა კრიზისი ევროპულ ფეხბურთში

18 აპრილს თორმეტმა ევროპულმა საფეხბურთო კლუბმა „სუპერლიგის“ შექმნის შესახებ განაცხადა. დამფუძნებელი კლუბები მიიჩნევენ, რომ „ახალი ტურნირი ევროპულ ფეხბურთს მნიშვნელოვნად მეტ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს“, თუმცა გულშემატკივართა ორგანიზაცია „ფეხბურთის გულშემატკივრები — ევროპა“ გადაწყვეტილებას უწოდებს „ევროპული ფეხბურთის კუბოს უკანასკნელ ლურსმანს“.

რა არის „სუპერლიგა“?

„სუპერლიგა“, მისი დამფუძნებლების განცხადებით, „არის ახალი ტურნირი, რომლის [მატჩებიც] შუა კვირაში ჩატარდება“, ხოლო პარალელურად მასში მონაწილე გუნდები თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატებში განაგრძობენ ასპარეზობას.

გავრცელებული განცხადების თანახმად, „სუპერლიგაში“ სულ 20 გუნდი იქნება. აქედან 15 — დამფუძნებელი წევრი (3 მათგანი ამ ეტაპზე უცნობია), 5 გუნდი,კი ამ ეტაპზე უცნობი მექანიზმით აირჩევა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, დამფუძნებელი კლუბები „3,5 მილიარდ ევროს მიიღებენ“, თუმცა ამასთან ერთად ისინი დებენ პირობას, რომ დანერგავენ „სოლიდარობის გადასახადს“. ჩანაფიქრის თანახმად, „სუპერლიგის“ მიერ გენერირებული შემოსავალი იმ კლუბებმაც უნდა მიიღონ, რომლებიც მასში არ ასპარეზობენ.

დამფუძნებელი გუნდები:

  • „არსენალი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ (ინგლისი);
  • „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „რეალი“ (ესპანეთი);
  • „ინტერი“, „იუვენტუსი“, „მილანი“ (იტალია);

ამ ეტაპზე უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ახალ ტურნირს „ბაიერნი“ და „პსჟ“.

სუპერლიგის პირველი თავმჯდომარე ფლორენტინო პერესი იქნება, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი. მისი მოადგილეები იქნებიან ანდრეა ანიელი („იუვენტუსის“ თავმჯდომარე) და ჯოელ გლეიზერი („მანჩესტერ იუნაიტედის“ თანათავმჯდომარე).

„უკანასკნელი ლურსმანი ევროპული ფეხბურთის კუბოში“

განცხადებას „სუპერლიგის“ შექმნის შესახებ მალევე მოჰყვა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (უეფა) კრიტიკა. გარდა ამისა, „სუპერლიგის“ საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს ეროვნულმა საფეხბურთო ასოციაციებმა.

ოდნავ მოგვიანებით, გავრცელდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) განცხადება, რომელშიც ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შესაძლოა „სუპერლიგაში“ მონაწილე ფეხბურთელებმა ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე — მათ შორის მსოფლიო სანაკრებო ჩემპიონატზე – მონაწილეობა ვერ მიიღონ. 19 აპრილს ეს დაადასტურა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩიფერინმა.

გარდა ამისა, უეფა და ეროვნული ასოციაცები აცხადებენ, რომ „სუპერლიგის“ მონაწილე გუნდებმა შესაძლოა ვერ მიიღონ მათი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობა. თუმცა „სუპერ ლიგის“ მესვეურებს ამ ორგანიზაციებთან შეთანხმების სურვილი აქვთ.

„სუპერლიგის“ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ გულშემატკივრებიც. პრემიერ-ლიგის გუნდების მხარდამჭერთა ორგანიზაციებმა ასევე გააკრიტიკეს დამფუძნებელი გუნდები. გულშემატკივრების გარდა, სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მწვრთნელების უკმაყოფილებაზე – მაგალითად, „ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი პოზიცია ამ ფორმატისადმი ჯერ კიდევ 2019 წელს დააფიქსირა. დღესვე ცნობილი გახდა „ტოტენჰემის“ მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დათხოვნაზე, თუმცა, გამოცემა „ატლეტიკის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება გუნდის შედეგებთანაა დაკავშირებული.

„ფეხბურთის გულშემატკივრები — ევროპას“ განცხადებით, „სუპერლიგა“, როგორც ასეთი, „არალეგიტიმური, უპასუხისმგებლო და არაკონკურენტულია“ და არის „უკანასკნელი ლურსმანი ევროპული ფეხბურთის კუბოში“.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ დასრულდება მიმდინარე ტურნირები. „ჩემპიონთა ლიგის“ და „ევროპა ლიგის“ 5 ნახევარფინალისტი (ჩლ – „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“, ელ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“) „სუპერლიგის“ დამფუძნებელი კლუბია. ეროვნულ ჩემპიონატებშიც „სუპერლიგის“ დამფუძნებელი კლუბები არიან მოწინავე პოზიციებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი