ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა 17 აპრილს გაახმიანა. საქმე ეხება ქვეყანაში 2014 წელს მომხდარ აფეთქებას, რომელშიც, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მონაწილეობა იკვეთება.
DW-ს თანახმად, ბაბისი დასძენს, რომ ხსენებულ დიპლომატთა გაძევების გადაწყვეტილება ემყარება “ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებებს”, რომლებიც მთავრობას ჩეხეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებმა მიაწოდეს.
პრემიერ-მინისტრსი თქმით, ეს “უპრეცენდენტო დასკვნები” მიუთითებს, რომ რუსების სამხედრო აგენტები მონაწილეობდნენ აფეთქებაში, რომელმაც “ორი უდანაშაულო მამა” იმსხვერპლა.
“ჩეხეთი სუვერენული სახელმწიფოა და ადეკვატურად უნდა იმოქმედოს ადეკვატურად”, — წერს ის.
ბაბისი აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია პარასკევს მიიღო, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ დასჭირდა პროცესს წლები.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ხსენებული 18 დიპლომატი აშკარად არის იდენტიფიცირებული, როგორც კრემლის სახელით მოქმედი სამხედრო ჯაშუში და მათ 48 საათი აქვთ ქვეყნის დასატოვებლად.
ჩეხეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა “ინტერფაქსმა” გაავრცელა ვლადიმერ ძაბაროვის კომენტარი, რომელიც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. მისი თქმით, პრაღის ბრალდებები აბსურდია.
აფეთქება, რომელზეც ჩეხეთის მთავრობა საუბრობს, 2014 წელს, პრაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზლინის მხარეში, ამონიუმის ქარხანაში მოხდა. აფეთქებას კერძო კომპანიის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.