ახალი ამბები

“ნამახვან ჰესის” მოწინააღმდეგეები ნამოხვანში შესვლას ითხოვენ

15 აპრილი, 2021 • 762
“ნამახვან ჰესის” მოწინააღმდეგეები ნამოხვანში შესვლას ითხოვენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილის ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს. ისინი დილით გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ დღესაც ეცდებიან სოფელ ნამოხვანში შესვლას.

“ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ პოლიცას, გაათავისუფლონ გზა და ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება. როგორც გუშინ დავაანონსეთ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებთ მოსახლეობას, სადაც არიან ქალაქებში, გამოვიდნენ. გადავკეტავთ გზებს, მაგისტრალებს და ა.შ.”, — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან.

გოლეთიანი პრობლემის გადაჭრის პროცესში პრემიერ-მინისტრის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის ჩართვას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესი იყოს საჯარო და საზოგადოებას შეეძლოს თვალის მიდევნება:

“ახლა იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე შეიქმნას, აუცილებელია აიღონ ეს რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში, კარვებში, გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში. ეს იყოს საჯარო და საზოგადოებამ ადევნოს თვალი. გადაწყვეტილების მიმღები ამ შემთხვევაში არის არა ნათია თურნავა, რადგან მის გადადგომას ვითხოვთ და მასთან დიალოგის სივრცე არ არსებობს. ჩვენ მოვიაზრებთ პრემიერს, ან თუკი დანიშნავს პრემიერი სპეციალურ წარმომადგენელს ამ მიმართულებით, რომელიც გაეცნობა სიღრმისეულად და ისე არა, როგორც ბატონი მერაბი, და მას ექნება იმის მანდატი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებაც”, — განაცხადა გოლეთიანმა.


რიონის ხეობის მოსახლეობა, გარემოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს პროტესტის მონაწილეების მოთხოვნას, “ქვეყნის პიკეტირებას დაიწყებენ”, მოგვიანებით კი აქციებს დედაქალაქშიც გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი