ახალი ამბები

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს მუმლაძის სისხლისსამართლებრივი დევნა — GDI

15 აპრილი, 2021 • 1074
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს მუმლაძის სისხლისსამართლებრივი დევნა — GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) გიორგი მუმლაძის დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს  სისხლისსამართლებრივი დევნა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითვე, პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ, ხოლო სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება აქტივისტების წინააღმდეგ არის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ორგანიზაციის შეფასებით, როცა ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს პოლიციელების მხირდან  უფლებამოსილების გადამატების ფაქტებზე, სამოქალაქო აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პრობლემურია.

“ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავება. გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები 12 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთანაც გაიმართა, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა. აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით აქტივისტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს, რომელმაც შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების საფუძველზე დაიწყო. ამავდროულად, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა არცერთი შემთხვევა, როდესაც უკანასკნელ წლებში, პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, რომელიმე სამართალდამცავმა აგო პასუხი. ეს განსაკუთრებით ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.

ამდენად, იმ ფონზე, როდესაც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევებში სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, ორმაგად პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის თვითნებური განმარტების საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნა”, — ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, GDI ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.

გუშინ, 14 აპრილს, გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს, 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი