ახალი ამბები

ასეთი მშენებლობები კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია – ლომინაძე ნამახვანჰესზე

14 აპრილი, 2021 •
ასეთი მშენებლობები კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია – ლომინაძე ნამახვანჰესზე

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ქართველმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ “რადიო უცნობის” ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მსგავსი მასშტაბის პროექტები კონსენსუსის გარეშე ვერ აშენდება. თუმცა, მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ ვერ შეიძლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიიღწევა მოხდეს.

“მე მიყვარს რეალობისთვის თვალის გასწორება. რა გვჭირდება ჩვენ ხვალ და ამ ხვალინდელი დღისთვის რა გვაქვს დღეს გასაკეთებელი.

მე ცალსახად გეუბნებით, ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება, კონსენსუსის, შეთანხმების გარეშე არის შეუძლებელი.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ისეთ რამეზე ვერ შევთანხმდეთ, რაც ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ სწორად უნდა ავხსნათ და სწორად მივიტანოთ [ყველა ჯგუფამდე ინფორმაცია]”, – განაცხადა ენკას ქართველმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

“იმ რეჟიმში, როგორშიც ახლა ის მიმდინარეობს, [ჰესის] დასრულება ვერ მოხდება”, – უთხრა ლომინაძემ გია გაჩეჩილაძეს.


რიონის ხეობის მოსახლეობა, გარემოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამ დროისთვის, ქალაქ ქუთაისში “რიონის ხეობის მცველები” ღამეს ქუჩაში ათევენ. მათი განცხადებით, დილიდან საპროტესტო აქციას სოფელ გუმათში გააგრძელებენ.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს პროტესტის მონაწილეების მოთხოვნას, “ქვეყნის პიკეტირებას დაიწყებენ”, მოგვიანებით კი აქციებს დედაქალაქშიც გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი