ახალი ამბები

საპატრიარქო: შემაშფოთებელია დაძაბულობა, რომელიც რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს

14 აპრილი, 2021 •
საპატრიარქო: შემაშფოთებელია დაძაბულობა, რომელიც რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს რიოგნის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

საპატრიარქო აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს თან და მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება, მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები დასვან და პასუხები მოისმინონ.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს:

“დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.
პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას”, – წერია განცხადებაში.

14 აპრილს, დილის საათებში, გათენებამდე, პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა იმ ადგილას, სადაც აპრილის დასაწყისიდან პოლიციის ბლოკპოსტი იყო განთავსებული. ამაზე პასუხად, რამდენიმე საათში, დემონსტრანტებმა ბარიკადებზე მუშტების ბრაგუნი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ეს ხმაური არის „ქართველი ხალხის ხმა“, რითაც აპროტესტებენ „რიონის ხეობის გაყიდვას“.

ცოტა ხანში პოლიციამ დემონსტრანტებს მოსთხოვა, შეეწყვიტათ „აგრესიული ქმედებები“, რაზეც პროტესტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პერფორმანსი არა აგრესიის გამომხატველი, არამედ მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი იყო. პოლიციის ადგილობრივ უფროსთან რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ შსს-ს 10-წუთიან ვადას აძლევდნენ, რათა დაესაბუთებინა, კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მუხლი უკრძალავს მათ „ბარიკადებზე მშვიდობიანად მუშტების ბრაგუნს“.

10-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, მათ ხმაური განაახლეს, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის კორდონი ბარიკადის უკანა მხრიდან გამოვიდა და დემონსტრანტებსა და რკინის ჯებირებს შორის ჩადგა. სწორედ ამ წუთებში მოხდა მორიგი დაპირისპრება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ხეობის მცველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მათ მხარეს იდგა, ბოთლი ისროლა პოლიციის მიმართულებით, რაც მათ დაგმეს და აღნიშნულ ადამიანს პროვოკატორი უწოდეს.

ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა: „ვინც ძალადობით გამოირჩევა, პროვოკატორად ჩაითვალოს და გავუშვათ აქციიდან“. მისი თქმით, ძალადობა არ არის დემონსტრანტების გზა და ვინც ამ ხერხს მიმართავს, დემონსტრაციის წინააღმდეგ მიდის.

13 აპრილს, გვიანობამდე, რიონის ხეობაში დაძაბულობა იყო პოლიციასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

მათი მოთხოვნა, ძირითად მოთხოვნებთან (მშენებლობის შეჩერება) ერთად, ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი