ახალი ამბები

„რიონის ხეობის მცველები“ ქუთაისში ჩასვლას და დემონსტრაციას გეგმავენ

14 აპრილი, 2021 • 956
„რიონის ხეობის მცველები“ ქუთაისში ჩასვლას და დემონსტრაციას გეგმავენ

„რიონის ხეობის მცველები“ 16:00 საათისთვის ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გეგმავენ მისვლას და იქ დაწყებულ აქციას შეუერთდნენ.

აქცია დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიწყო ქუთაისში. მისი ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერები იყვნენ. თუმცა, როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, უშუალო ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ არ ყოფილან.

ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გუმათჰესთან შეკრებილი დემონსტრანტები 15:30 საათისთვის დაიძრებიან ქუთაისის მიმართულებით.

14 აპრილს, დილის საათებში, გათენებამდე, პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა იმ ადგილას, სადაც აპრილის დასაწყისიდან პოლიციის ბლოკპოსტი იყო განთავსებული.

ამაზე პასუხად, რამდენიმე საათში, დემონსტრანტებმა ბარიკადებზე მუშტების ბრაგუნი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ეს ხმაური არის „ქართველი ხალხის ხმა“, რითაც აპროტესტებენ „რიონის ხეობის გაყიდვას“.

ცოტა ხანში პოლიციამ დემონსტრანტებს მოსთხოვა, შეეწყვიტათ „აგრესიული ქმედებები“, რაზეც პროტესტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პერფორმანსი არა აგრესიის გამომხატველი, არამედ მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი იყო.

პოლიციის ადგილობრივ უფროსთან რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ შსს-ს 10-წუთიან ვადას აძლევდნენ, რათა დაესაბუთებინა, კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მუხლი უკრძალავს მათ „ბარიკადებზე მშვიდობიანად მუშტების ბრაგუნს“.

10-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, მათ ხმაური განაახლეს, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის კორდონი ბარიკადის უკანა მხრიდან გამოვიდა და დემონსტრანტებსა და რკინის ჯებირებს შორის ჩადგა.

სწორედ ამ წუთებში მოხდა მორიგი დაპირისპრება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ხეობის მცველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მათ მხარეს იდგა, ბოთლი ისროლა პოლიციის მიმართულებით, რაც მათ დაგმეს და აღნიშნულ ადამიანს პროვოკატორი უწოდეს.

ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა: „ვინც ძალადობით გამოირჩევა, პროვოკატორად ჩაითვალოს და გავუშვათ აქციიდან“. მისი თქმით, ძალადობა არ არის დემონსტრანტების გზა და ვინც ამ ხერხს მიმართავს, დემონსტრაციის წინააღმდეგ მიდის.

13 აპრილს, გვიანობამდე, რიონის ხეობაში დაძაბულობა იყო პოლიციასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

მათი მოთხოვნა, — ძირითად მოთხოვნებთან (მშენებლობის შეჩერება, კომპანიის მიერ ხეობის დატოვება) ერთად, — ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი