სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „რიონის ხეობის მცველებს“ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ და თავიდან უნდა იქნას აცილებული „შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა“.
„ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას“, – წერს ომბუდსმენი.
„კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს
- საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ“, – წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის ოფისი ასევე აცხადებს, რომ კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის:
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას“.