ახალი ამბები

რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად ხვალ აქცია გაიმართება

11 აპრილი, 2021 • 666
რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად ხვალ აქცია გაიმართება

„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, — ამ სახელმწოდებით ორშაბათს, 12 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები, — „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „მწვანეები“ და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

ორგანიზატორების განცხდებით, აქციაზე მისვლით მოქალაქეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას, ვისაც კვირას, 11 აპრილს, პოლიციამ კარვები დაუშალა.

„მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი შეფასებით, შსს „იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა“.
„მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ – ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას“, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მოგიწოდებთ ყველას, ვინც ხვალ ვერ მოახერხებს გუმათში წასვლას, 16:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!! ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!“ – აცხადებენ ისინი.
ნამახვანში პოლიციამ კარვები დაშალა. შსს კარვების დაშლას მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების რისკით ხსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი