ახალი ამბები

ვგმობთ „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას – აშშ-ის საელჩო

9 აპრილი, 2021 • 675
ვგმობთ „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინდელ „თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს“.

„ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას ცემის ინციდენტი“, – აღნიშნავს საელჩო და ხელისუფლებას მოუწოდებს, „ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება“.

„თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება“, – წერია 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს თანახმადვე, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ გუშინ, 8 აპრილს, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ — ერთს მანქანა დაუზიანეს, ხოლო მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ „ფორმულას“ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა, ხოლო მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვრცლად:

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი