ახალი ამბები

ჩვენი ერთი თანამშრომელი ნაცემია, მეორეს კი მანქანა დაუზიანეს — „ფორმულა“

9 აპრილი, 2021 • 765
ჩვენი ერთი თანამშრომელი ნაცემია, მეორეს კი მანქანა დაუზიანეს — „ფორმულა“

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ გუშინ, 8 აპრილს, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ — ერთს მანქანა დაუზიანეს, ხოლო მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივე შემთხვევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დროს მოხდა: ერთი- ე.წ. კომენდანტის შემდეგ, ღამის სამ საათზე, ხოლო მეორე — ცხრა საათზე.

ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც მანქანა დაუზიანეს, არხის მძღოლი არჩილ ტიბუნაშვილია. ის იხსენებს, რომ ღამით ხმაურზე გაიღვიძა, მისვლისას კი აღმოაჩინა, რომ მანქანას მინები ჩამსხვრეული ჰქონდა. ტიბუნაშვილი ყვება, რომ გამოიძახა პატრული და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება ფორმულას მძღოლს, რომელიც არის ნაცემი. მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები და უბრალოდ, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთხოვა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ დაგვესახელებინა“, — ამბობს არხის დირექტორი და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ფორმულაში“ თავდასხმის ორ ფაქტს უკავშირებენ პროფესიულ საქმიანობასა და ასევე, 25 თებერვალს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ ფიზიკურ თავდასხმას.

„სამწუხაროა, რომ ეს ამბავი გრძელდება მას შემდეგ, რაც ვახო სანაიაზე, ჩვენს ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა და ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და უკიდურესი ძალადობრივი ფონის, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებსა და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა არის გამომწვევი ყველა ასეთი ტიპის პრობლემის“, — აცხადებს ზუკა გუმბარიძე.

ის მიმართავს სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს, ჩაერიონ პროცესში „იმისთვის, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს,“.

“ეს ფაქტი „ფორმულას“ ვერ გააჩერებს, ჩვენ არ გავჩერდებით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ძალადობა განხორციელდება, ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ის, რომ ფორმულა იქნება მნიშვნელოვანი მედია კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად ამ ქვეყანაში“, — ამბობს გუმბარიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს შსს-დან.

ამავე თემაზე:

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი