ახალი ამბები

„ფორმულას“ ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

9 აპრილი, 2021 •
„ფორმულას“ ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და  ფიზიკურად იძალადეს.

„ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება“, – აცხადებს ტელეკომპანია.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომელიც აცხადებს, რომ თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ „ფორმულას“. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.

ტელეკომპანიაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგია დანიშნული.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო: ფორმულა


ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს,  ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი