ახალი ამბები

“შესაძლებელი ხდება იჯარით აღებული სათიბი მიწების გამოსყიდვა” – ღარიბაშვილი

8 აპრილი, 2021 • 1262
“შესაძლებელი ხდება იჯარით აღებული სათიბი მიწების გამოსყიდვა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება იჯარით აღებული “სათიბი” კატეგორიის მიწების გამოსყიდვის უფლების შესახებ.

ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული უფლება აქამდე მხოლოდ სახნავ მიწებზე ვრცელდებოდა, ამიერიდან კი გამოსყიდვის უფლება სათიბ კატეგორიასაც შეეხება.

“დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მისივე თქმით, ასევე შესყიდვის დროს უქმდება იჯარით აღებული მიწების მოცულობის ზედა ზღვარიც.

“თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს ინიციატივა დაეხმარება მეწარმესაც და სახელმწიფოსაც მეტი სარგებლის მიღებაში.

„ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება. ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“,- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი