ახალი ამბები

სასამართლოს ფორმალური განხილვები და გაჭიანურებული პროცესები საიას ანგარიშში

6 აპრილი, 2021 • 658
სასამართლოს ფორმალური განხილვები და გაჭიანურებული პროცესები საიას ანგარიშში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში მოამზადა, რომელიც 2016-დან 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიზანია, სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება და ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები შეეხება – აღკვეთის ღონისძიებებს, საგამოძიებო მოქმედებებსა და საპროცესო შეთანხმებაზე სათანადო სასამართლო კონტროლის განხორციელებას, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ ხარვეზებს. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ, ნარკოტიკულ და სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს.

სასამართლო ხელისუფლება

ორგანიზაციის განცხადებით, უკვე წლებია, პრობლემურია. მოსამართლის ფორმალური ან არასაკმარისი როლი ადამიანის უფლებების დაცვაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებისას,

ანგარიშის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდების მხარე არასათანადოდ დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების რომელიმე ტიპის შუამდგომლობებს წარადგენდა, მოსამართლეების ფორმალური მიდგომები, ხშირად კი, არასაკმარისი უფლებამოსილება, სათანადო სასამართლო კონტროლს ვერ უზრუნველყოფდა.

ორგანიზაციის თქმით, პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლეები, უმეტეს შემთხვევაში, საჯაროდ არ განიხილავენ დაკავების კანონიერებას. სასამართლო ამის თაობაზე ძირითადად მსჯელობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს:

“პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი. შესწავლილი სასამართლო გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მოსამართლე განჩინებებშიც არ უთითებს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია მან დაკავება კანონიერად, რა გარემოებებს დაეყრდნო, რამდენად არსებობდა წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად დაკავების აუცილებლობა.

რეალურად კი, სხდომაზე ამ საკითხის განხილვისა და მოსაზრებების ზეპირად მოსმენის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე არასაკმარისი გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და მას თითქმის ყოველთვის უცვლელად ტოვებს. უმრავლეს შემთხვევაში სხდომაზე არ ხდება პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობის დასაბუთება.

ამასთან, დოკუმენტსი ნათქვამია, რომ პროკურატურა, თითქმის ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი საგამოძიებო მოქმედების გადაუდებელი საფუძვლით განხორციელების აუცილებლობა, სასამართლოს გვერდის ავლით ატარებს ჩხრეკა/ამოღებას. სასამართლო, კი, თავის მხრივ, სათანადო კონტროლის გარეშე, როგორც წესი, კანონიერად მიიჩნევს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩხრეკა-ამოღების გზით პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევას.

“კვლავ ფორმალური ხასიათი აქვს საპროცესო შეთანხმებისას სასჯელის სამართლიანობისა და კანონიერების შემოწმებას უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში. აუცილებელია, სხდომაზე მოსამართლემ მეტი გულმოდგინება გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით და დააფიქსიროს, ეთანხმება თუ არა დანაშაულის კვალიფიკაციას და სასჯელს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში” – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლო განხილვების გაჭიანურებაზე. ორგანიზაციის თქმით, რიგ შემთხვევაში ბრალდებულები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულყოფილად ისარგებლონ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებით.

საია მიიჩნევს, რომ გაჭიანურების საპირწონე არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც სასამართლოს გადატვირთულობაზე აპელირება და ვერც სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელს უშლის კანონის აღსრულებას.

საქართველოს პროკურატურა

ანგარიშის ავტორების თქმით, პროკურატურის მხრიდან აღკვეთის შუამდგომლობის დასაბუთების სტანდარტი თითქმის არ შეცვლილა.

საიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ამ საკითხთან მიმართებით პროფესიული განვითარების ფარგლებში არაერთ ტრენინგს ესწრებიან, მათი მიდგომები კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთების კუთხით მაინც არ არის ინდივიდუალური და საქმის გარემოებებით ნაკარნახევი.

“ის ხშირად უფრო განზოგადებული და შაბლონურია. რიგ შემთხვევაში ეს განპირობებულია საქმეთა სიმრავლით, ბრალდებულის პიროვნების, მისი ქონებრივი მდგომარეობის, ფსიქოლოგიური პორტრეტის არასათანადო შესწავლითა და მის მიმართ გამოვლენილი არასათანადო ინტერესით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, საყურადღებოა, რომ, როდესაც საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის პერიოდულ გადასინჯვაზე, პროკურატურა თავად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითხოვს მის შეცვლას სხვა აღკვეთის ღონისძიებით, მაშინაც კი, თუ ის საფრთხეები, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებდა პირველი წარდგენის სხდომაზე, უკვე განეიტრალებულია.

ანგარიშის ავტორების თქმით, სამწუხარო ტენდენციაა, რომ პროკურატურის მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების მაჩვენებელი.

ამასთან, საიას თქმით, განჩინებების ანალიზმა აჩვენა, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება შუამდგომლობების დასაბუთების ხარისხი:

“ბოლო სამი საანგარიშო პერიოდია, ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებით გამკაცრდა ბრალდების მხარის მიდგომები. ამ ტიპის დანაშაულებზე ძალიან იშვიათად ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს პროკურატურის მხრიდან ბოლო წლებში გაწეული ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეებში უფრო მეტად ხდება შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა”, – წერია ანგარიშში.

დაცვის მხარე

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016-2018 წლებში საიას მონიტორებს უფრო ხშირად უწევდათ ბრალდებულის პირველი წარდგენის ისეთ სხდომებზე დასწრება, სადაც დაცვის მხარე პასიური ან/და არასაკმარისად მომზადებული იყო.

2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში დოკუმენტის მიხედვით, დაცვის მხარე უფრო მეტად ერთვებოდა პროცესში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მდგომარეობა საიას შეფასებით გაუმჯობესდა.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადვოკატი საპროცესო შეთანხმების მოლოდინით ეთანხმებოდა პროკურორის პოზიციას, ხოლო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მსჯელობა საკმარისად არგუმენტირებულად არ მიიჩნია:

“წლების განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ დაცვის მხარე ეფექტიანად არ იყენებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიულ ღონისძიებებს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც არსებული კანონმდებლობა იძლევა აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შეფარდების შესაძლებლობას, ადვოკატები ამას არ შუამდგომლობენ და ითხოვენ მინიმალური ოდენობის გირაოს”, – წერია ანგარიშში.

ასევე, მონიტორინგმა გამოავლინა საპროცესო შეთანხმების დროს ბრალდებულსა და ადვოკატს შორის არასათანადო კომუნიკაციის შემთხვევები, როგორიცაა:

შეუჯერებელი პოზიციები, არასათანადო იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სხვა.

ორგანიზაციის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლო სხდომის დარბაზში ადვოკატი პირველად ხვდებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს და კითხულობდა, თუ რომელი მათგანი იყო ბრალდებული.

საქართველოს პარლამენტი

ანგარიშში ნათქვამია, რომ წლებია, საია საუბრობს აღკვეთის ღონისძიების სახეების სიმცირეზე, რაც, საბოლოო ჯამში, პრაქტიკაში განაპირობებს მხოლოდ ორი ტიპის აღკვეთის ღონისძიების (გირაო და პატიმრობა) გამოყენებას.

ორგანიზაციის პოზიციით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა დროულად მოაწესრიგოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ კანონმდებლობა და რეფორმა მიმართოს მათი ფართო სპექტრის შემოღებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს, უფრო ხშირად გამოიყენონ ალტერნატიული ზომები.

ამასთან, ანგარიშის ავტორების აღნიშნავენ, რომ დადებით შეფასებას იმსახურებს 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რეაგირებისთვის მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 2018 წლის 21 ივლისს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის დამტკიცებით. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მიენიჭა უფლებამოსილება, გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმეები.

საია დადებითად აფასებს ამ ნაბიჯს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრობლემურია ამ ინსტიტუტის უფლებამოსილების ფარგლები. კერძოდ, საპროცესო მოქმედება კვლავ პროკურატურის კომპეტენციაა და მხოლოდ მას შეუძლია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეებში.

ორგანიზაციის განცხადებით, 4-წლიან საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ანგარიშის მიხედვით, ძირითადი ცვლილებები მიმართული იყო ოჯახში ძალადობისთვის დაწესებული სასჯელების გამკაცრებისკენ.

“სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის სასჯელის ზომად,1 წლის ნაცვლად დადგინდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების მუხლებს დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის 2018 წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამსახური – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ემსახურება ზემოხსენებული დანაშაულების შემცირებასა და პრევენციას.

საიას თქმით, დეპარტამენტის საქმიანობამ შედარებით გააუმჯობესა ამ ტიპის დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანობა, რაც მათი გამოვლენის მაჩვენებელზეც აისახა.

საიას თქმით, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგად, წლების განმავლობაში ვლინდება ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით აშკარად არაპროპორციული და არათანაზომიერი სასჯელების პრაქტიკა, რაც გამომდინარეობს ზედმეტად მკაცრი კანონმდებლობიდან.

“ხუთი წლის მანძილზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება მიიღო ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი საკანონმდებლო მხარდაჭერა, თუმცა საქართველოს პარლამენტს ამ კუთხით ფუნდამენტური ცვლილებები არ განუხორციელებია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ოროგანიზაციის თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს ასევე 2021 წლის 11 იანვარს მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის შედეგად, გათავისუფლება შეეხო ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების დიდ ნაწილს.

საიას თქმით, ამნისტიის კანონით სახელმწიფო შეეცადა წლების მანძილზე მკაცრი, დაუბალანსებელი ნარკოტიკული პოლიტიკის ერთჯერადი ჰუმანური აქტით შემსუბუქებას.

“ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, დადებით გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა კანონმდებელმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხის მოწესრიგების, ნარკოტიკულ დანაშაულთა თავში არსებული სასჯელების ადეკვატურ ჩარჩოში მოქცევისა და წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარების მიზნით” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ძირითადი მიგნებები

  • დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე პირების დაკავებულის სტატუსით წარდგენამ. კერძოდ, 686 ბრალდებულიდან 518 (76%) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით მეტია, ხოლო თუ ორი წლის წინანდელ სტატისტიკას შევადარებთ – 20 პროცენტული ერთეულით აჭარბებს;
  • საიას თქმით, წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა, რაც ასევე კანონმდებლობის ხარვეზებით არის გამოწვეული. უმეტესად, სხდომაზე მოსამართლეები არ ამოწმებენ დაკავების კანონიერებას;
  • ანგარიშში ნათქვამია, რომ გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45%-ს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით გაიზარდა და საბოლოოდ 66% შეადგინა;
  • დოკუმენტის მიხედვით, პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. საიას თქმით, სასამართლო მონიტორინგის 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულებზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა საქმეთა 79%-ში, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში – 90%-ში, ხოლო 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში – 87% შემთხვევაში.
  • პრობლემად სახელდება პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათად გამოყენება. ანგარიშის მიხედვით, სასამართლომ 1332 სხდომიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა პირადი თავდებობა, 28-ში – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 51-ში არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. საიას თქმით,,დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო ან პატიმრობა;
  • საიას ბოლო სამ ანგარიშში საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე. მაგალითად, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15%) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში 334-დან 69 (21%) იყო დაუსაბუთებელი;
  • პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დადგენილი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათი. საიას თქმით, მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რისკების შემცირებისა, სასამართლო იშვიათად ცვლის პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. ორგანიზაციის განცხადებით,  2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში სასამართლომ პატიმრობა უცვლელად დატოვა 213-დან 195 (92%) შემთხვევაში, მომდევნო საანგარიშო პერიოდში კი – 190-დან 182 (96%) შემთხვევაში;
  • საიას თქმით, 4 სასამართლოდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების დაკანონებასთან დაკავშირებით მიმართა 49 272 შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ 676 (1%) მიმართვა.
  • საიამ შეისწავლა 194 განჩინება მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებების შესახებ, სადაც აღმოჩნდა, რომ დასაბუთების ნაწილში განჩინებები ხშირ შემთხვევაში მსგავსია. უმრავლესობაში არ არის გამოკვეთილი გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება, თითქმის არაფერია ნათქვამი იმ საფრთხეების ან რისკების შესახებ, რაც შესაძლოა დაყოვნებას გამოეწვია.
  • ანგარიშის მიხედვით, სასამართლო უმეტესად ისე ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, რომ სხდომაზე არ მსჯელობს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია შუამდგომლობაში ასახული სასჯელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლის მონაცემებით, მონიტორინგი ამ მიმართულებით მცირე გაუმჯობესებას აჩვენებს. კერძოდ, თუ წინა წლებში საპროცესო შეთანხმების კანონიერებაზე მსჯელობა 2-3%-ის ფარგლებში ხდებოდა, 2019 წლის მარტი – 2020 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში 9% შეადგინა;
  • მონიტორინგმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოავლინა გამამართლებელი განაჩენების მზარდი ტენდენცია. საიას თქმით,  ამას ადასტურებს საერთო სასამართლოების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგა საქმეთა 3%-ში, 2017 წელს – 4%-ში; 2018 წელს – 8%-ში; 2019 წელს – 10%-ში, ხოლო 2020 წლის 6 თვის მონაცემით – საქმეთა 9%-ში.
  • ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება საიას სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზია. არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. საიას თქმით, შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი