ახალი ამბები

რა ბედი ეწია სერუმის ინსტიტუტისაგან ნაყიდ 150 ათას დოზა ასტრაზენეკას ვაქცინას

5 აპრილი, 2021 •
რა ბედი ეწია სერუმის ინსტიტუტისაგან ნაყიდ 150 ათას დოზა ასტრაზენეკას ვაქცინას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომელმაც “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინების მისაღებად ინდოეთში შეხვედრები გამართა, მოლაპარაკებების შედეგებს არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ ინდოეთის მიერ საექსპორტო შეზღუდვის მოხსისთანავე საქართველო მიიღებს ასტრაზენეკას “საკმაოდ მოცულობით რაოდენობას”.

თებერვალში საქართველოს ჯანდაცვის იწყებებმა პირველად გაავრცელეს ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ, რომელიც არა “კოვაქსთან”, არამედ უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმდა. საუბარი იყო “ასტრაზენეკას” 150 000 დოზაზე, რომელიც საქართველოში მარტის პირველ ნახევარში უნდა ცამოსულიყო. NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მაშინ ამბობდა, რომ მათი მოწოდების თარიღი დამოკიდებული იყო იმაზე, “რამდენად სწრაფად გაფორმდება კონტრაქტები” კომპანიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

3 მარტს გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კონტრაქტი უკვე არსებობს, თუმცა პროცესი მაინც ბრკოლდება. მისი თქმით, საქმე ეხება აღნიშნული ვაქცინის მწარმოებელ ერთ-ერთ ქვეყანაში — ინდოეთში — ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინდოეთის “სერუმის ინსტიტუტმა”, რომელიც ვაქცინას აწარმოებს, თებერვლის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა საჭიროებების გამო, სხვა სახელმწიფოებში “ასტრაზენეკას” ექსპორტი დაიგვიანებდა.

გამყრელიძემ მაშინ გვითხრა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო “ძალიან აქტიურად მუშაობს” ინდოეთის ხელისუფლებასთან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დავით ზალკალიანის მოადგილე ინდოეთში იმყოფება და იქ წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს მართავს.

დღეს, 5 აპრილს NCDC-ში ჩინეთის ელჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ღვთისიაშვილს ნეტგაზეთმა ჰკითხა, რა შედეგებით დასრულდა მისი ვიზიტი ინდოეთში? ხვთისიაშვილის თქმით, მოლაპარეკები ჰქონდა არა მხოლოდ “ასტრაზენეკას”, არამედ სხვა მწარმოებლებთანაც.

“ინდოეთის მთავრობასთან იყო ძალიან აქტიური მოლაპარაკება. ინდოეთი არის ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი. იქ არის დაახლოებით 6-7 ძალიან მსხვილი საწარმო, რომელთანაც ამერიკული და ევროპული კომპანიები მუშაობენ. ამ წლის განმავლობაში ინდოეთში დაიწყებენ ამერიკული “ნოვოვაქსის” წარმოებას, დაგეგმილია “ჯონსონის” და კიდევ რამდენიმე ვაქცინის წარმოება. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება, არამედ ყველა ამ მწარმოებელთან შეხვედრა და შესაბამისი შეთანხმების მიღწევა”, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე მათგანთან საქართველოს უკვე აქვს შეთანხმება გაფორმებული.

“დეტალებზე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ, რადგან გაუთქმელობის პუნქტი დევს ამ შეთანხმებაში. რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, ინდოეთს დაკეტილი აქვს ვაქცინების გამოტანა. ეს განპირობებულია ინდოეთში [კორონავირუსით ინფიცირების] მაღალი რიცხვებით. აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი საექსპორტო შეზღუდვის გახსნა და როგორც კი გაიხსნება, საქართველო მიიღებს საკმაოდ მოცულობით რაოდენობებას როგორც “ასტრაზენეკასი”, ასევე, წლის ბოლოს მიიღებს იმ რაოდენობებს, რა რაოდენობებზეც შევთანხმდებით მწარმოებლებთან”, – განაცხადა ღვთისიაშვილმა.

ინდოეთის “სერუმის ინსტიტუტმა”, რომელიც ვაქცინას აწარმოებს, თებერვლის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა საჭიროებების გამო, სხვა სახელმწიფოებში “ასტრაზენეკას” ექსპორტი დაიგვიანებდა.

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, ჯამში, 2021 წლის ბოლომდე ორჯერადად უნდა აიცრას ზრდასრული მოსახლეობის 60%. ამას, “ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით”, სულ 3 979 327 დოზა სჭირდება.

დღეის მდგომარეობით, საქართველომ “კოვაქსის” პლატფორმიდან 2021 წლისთვის  1 484 400 ვაქცინის დოზა უნდა მიიღოს, რაც მოზრდილი (18+) მოსახლეობის 20%-ის ორჯერადი აცრისთვის არის საკმარისი.

შესაბამისად, ქვეყანამ დარჩენილი 2 494 927 დოზა ალტერნატიული წყაროებით უნდა მოიპოვოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი