“რადიო თავისუფლება” ევროპარლამენტის ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების პროექტს, რომელშიც წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს.
მათი განცხადებით, ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც შესაძლოა ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებით გამოიხატოს. ასევე, საუბარია პოლიტიკური მხარდაჭერის შეზღუდვაზე.
„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება ევროპარლამენტის ინფორმირებული წყაროს მეშვეობით გაეცნო.
“რადიო თავისუფლების” წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.
მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“, – წერია ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელსაც ხელს აწერს საქრთველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი:
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
მათივე ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობა ევროპარლამენტში ჯერჯერობით არ დასრულებულა. გარდა ამისა, საქართველოს შესახებ 19 აპრილს იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.