პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, არასწორია 90 წლის ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერს დასდევდე, როცა აცხადებ, რომ “დავითგარეჯა საქართველოს არ ეკუთვნის” და რუსულ ოკუპაციაში საქართველოს ადანაშაულებ.
ასე გამოეხმაურა ვოლსკი სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წევრების პროტესტს, რომელიც ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა.
“ნებისმიერი ადამიანი, გინდაც 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს, ამერიკის მოქალაქე, გინდაც ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არის არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ მის მიმართ მაქვს ადამიანური მიუღებლობა. მაგრამ, ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას, რომ დავითგარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე და, მეორე მხრივ, დარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორი მგონია. სწორედ ეს მგონია პოლიტიკური ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ამახინჯებს რეალურ გულწრფელ პროტესტს საქართველოს წინააღმდეგ აზრების მქონე ადამიანების და ქვეყნების მიმართ”, — განაცხადა ვოლსკიმ.