ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი უარს ამბობს თბილისის შეთავაზებულ ვაქცინებზე

31 მარტი, 2021 •
ცხინვალი უარს ამბობს თბილისის შეთავაზებულ ვაქცინებზე

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, “ცხინვალი არც მოელის და არც სურს” თბილისისგან შეთავაზებული ნებისმიერი სახის დახმარება.

ამ განცხადებით ჯიოევმა  უპასუხა ოფიციალური თბილისის შთავაზებას, რომ გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართავდნენ. ინფორმაციას ოსური დე ფაქტო სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ოსური მხარის განცხადებით, თბილისი მათ სთავაზობს იმ ვაქცინებს, რომლებიც თავადვე არ აქვთ. “ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პროპაგანდა.

ოფიციალურმა თბილისმა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შესთავაზა.

დე ფაქტო რესპუბლიკებში, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ამ დრომდე არ დაწყებულა რუსული სპუტნიკ V-ით ვაქცინაციის პროცესი.

თბილისის შეთავაზებაზე უარი განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი