ახალი ამბებიეკონომიკა

2 მიზეზი, თუ რატომ ძვირდება საკვები ზეთი საქართველოში

31 მარტი, 2021 • 5722
2 მიზეზი, თუ რატომ ძვირდება საკვები ზეთი საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში საკვები ზეთის ღირებულება მკვეთრად გაძვირდა და დღეს სავაჭრო ობიექტებში ერთი ლიტრი საკვები მზესუმზირის ზეთის შეძენა საშუალოდ 7 – 8.50 ლარადაა შესაძლებელი.

ზეთის იმპორტიორ კომპანიათა ნაწილი აცხადებს, რომ გაძვირება ძირითადად უკავშირდება უშუალოდ ნედლი პროდუქციის, მზესუმზირის მარცვლის გაძვირებასა და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

“მომწოდებლები აძვირებენ”

საკვები ზეთის ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიაში, “ჯეოსტარში” აცხადებენ, რომ ფასების მატება ძირითადად უკავშირდება მწარმოებელი კომპანიებისთვის ნედლეულის გაძვირებას. როგორც ცნობილია, საკვები ზეთის ბაზარი საქართველოში იმპორტირებული პროდუქციითა გაჯერებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს ქვეყანაში 55.2 ათასი ლარის ადგილობრივი მზესუმზირის რაფინირებული ზეთის პროდუქცია იწარმოა, მაშინ, როდესაც იმავე წელს საქართველოში 37.305.400 აშშ დოლარის ღირებულების იგივე პროდუქცია შემოვიდა.

“ჩვენ მწარმოებლებმა უკვე გაძვირებული პროდუქცია მოგვაწოდეს, რადგან, როგორც თვითონ ამბობენ, ნედლეული გაძვირდა. შესაბამისად, გაძვირდა გასაყიდი პროდუქციის ფასიც. გაძვირებაა პრაქტიკულად ყველგან, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში და მზესუმზირის მწარმოებელ სხვა ქვეყნებშიც, საიდანაც შესაძლოა, რომ ნედლეული ვიყიდოთ”, – აცხადებენ ჯეოსტარში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ზეთის ფასი პრაქტიკულად გაორმაგდა, თუმცა ფასის კიდევ მომატებას არ გამორიცხავენ.

კიდევ ერთი კომპანიაში “მზიური” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მზესუმზირის ფასები გაზრდილია არა მხოლოდ საქართველოს მეზობელ მწარმოებელ ქვეყნებში [რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა], არამედ მთელ მსოფლიოში.

“მომწოდებლები აძვირებენ, რადგან მზესუმზირა დეფიციტშია მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ძვირდება პროდუქციაც”, – ამბობენ “მზიურში”.

ვალუტის გაუფასურება 

გარდა ნედლეულის გაძვირებისა, “ჯეოსტარში” აცხადებენ, რომ გაძვირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაცაა გამოწვეული. “ჩვენ ნედლეულს ვყიდულობთ დოლარში, შემდეგ ვყიდით ლარში, ამიტომ ესეც ახდენს გავლენას ფასზე. საერთო ჯამში, გამოდის გაძვირებული”, – ამბობენ ჯეოსტარში.

ქართული ლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში უფასურდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 17 მარტს ერთი აშშ დოლარი 3.32 ლარი ღირდა, მაშინ როცა, 31 მარტს დაახლოებით 9 თეთრით გაუფასურდა და დღეს უკვე 3.41 ლარი ღირს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა გაეგო, გეგმავდა თუ არა სახელმწიფო რაიმე ნაბიჯების გადადგმას საკვები ზეთის ფასის დასტაბილურებისათვის, როგორც ეს, მაგალითად, პურის შემთხვევაში ხდება [სახელმწიფო სუბსიდირებას ახდენს ხორბლის ფქვილის შესაძენ ფასს ტომარაზე დაახლოებით 20 ლარით], თუმცა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი