ახალი ამბები

ქუთაისის უნივერსიტეტში მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

29 მარტი, 2021 • 959
ქუთაისის უნივერსიტეტში მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. როგორც ნეტგაზეთს ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თამამ მუსაიევმა უთხრა, უკვე სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ. დამსაქმებელი კომპანიების, “დი-ენ-თი ინჯინერისა” და “დექონის” წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ ხელფასს რამდენიმე დღეში ჩაურიცხავენ, თუმცა, როგორც დასაქმებული ამბობს, აღარ სჯერათ, რადგან დეკემბრის შემდეგ ხელფასი არ მიუღიათ, სამშენებლო სამუშაო კი თითქმის დაასრულეს. მისივე თქმით, მათთან პასუხისმგებელი მხოლოდ ეს ორი კომპანიაა და კონტრაქტიც მათთან აქვთ გაფორმებული.

“საქმე უკვე დამთავრებულია და ხელფასი სამი თვეა არ ამიღია. ჩემთან ერთად 40-მდე ადამიანია გაფიცული. დეკემბრის შემდეგ უკვე ასეთი პრობლემები შეიქმნა, მანამდე ხელფასის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი, [კომპანიის მიერ] უნივერსიტეტისთვის შენობა ჩაბარებული არის თუ არა, მაგრამ საქმის დაახლოებით 90% დამთავრებულია. [დამსაქმებლები] სულ იძახიან, რომ ფულს ველოდებით, სხვა არაფერს გვეუბნებიან. დღეს გვითხრეს, რომ როგორც კი ფული გვექნება, მაშინვე თქვენს ანგარიშზე ჩაგირიცხავთო, მაგრამ ვიცით, რომ ტყუილია, რადგან სამი თვეა ასე იძახიან”, – აცხადებს თამამ მუსაიევი.

ტვ პირველის სიუჟეტში ჟურნალისტთან საუბარში მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი დავალიანების არსებობას აღიარებს და ამბობს რომ კვირის ბოლომდე მუშები ხელფასს მიიღებენ. კითხვაზე, რატომ აღარ უხდის კომპანია თანამშრომლებს ხელფასს, ამის მიზეზად გარკვეულ შეფერხებას ასახელებს. “ჩვეულებრივ გავისტუმრებთ ამ დავალიანებას.”

ნეტგაზეთი ცდილობს ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი