ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer/BioNtech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა არის “ყველაზე ტრენდული”, თუმცა ყველა სხვა ვაქცინაც სასარგებლოა.
“ფაიზერი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაქცინაციაზე საერთოდ უარის თქმა”, — განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ვიზიტისას.
მისივე თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს “ღრმა კვლევა”, რომლის შედეგადაც დადგინდება, რომ ახალციხელი მედდის გარდაცვალება არ უკავშირდება უშუალოდ ასტრაზენეკას ვაქცინას, რის შემდეგაც იმედოვნებს, რომ მოსახლეობის ნდობა ამ ვაქცინისადმი აღდგება.
“დარწმუნებული ვარ, სამწუხარო უბედური შემთხვევის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს, ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მოქალაქეებს ვაუწყოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინაცია და ჩვენი მოქალაქეების ნდობა ასტრაზენეკას მიმართ გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რიტმში”, — აცხადებს მინისტრი.
საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა 2021 წლის 25 მარტს ჩამოვიდა. 65 წელს ზემოთ მყოფი ასაკის მქონე მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ვაქცინაციის პროგრამაში დარეგისტრირება.
ფაიზერის ვაქცინით აცრები საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში წარიმართება. თავად ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.