ახალი ამბები

სტრასბურგმა 2009-10 წლებში იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების საქმეზე სახელმწიფო გაამტყუნა

26 მარტი, 2021 • 703
სტრასბურგმა 2009-10 წლებში იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების საქმეზე სახელმწიფო გაამტყუნა

2021 წლის 25 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია ასაბუთებდა, რომ 2009-10 წლებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მომჩივნებს, მათი პირადი ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღი და/ან ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს; ხოლო, ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივანთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს, იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციებს ასრულებდნენ, და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.

მომჩივნები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის/მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და 2009 წელს ოპოზიციური პარტიების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

რა არგუმენტებით იხელმძღვანელა სასამართლომ

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება: მომჩივანთა ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სიზუსტე და სანდოობა ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არც წინასასამართლო და არც არსებითი განხილვის სხდომებზე არ შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ ოქმები ოპერატიული ინფორმაციის არსებობის თაობაზე, მართალია, ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო ეროვნული სასამართლოსთვის, შეიცავდა მხოლოდ ზედაპირულ და ირიბ ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ სასამართლოებს ოპერატიული ინფორმაციის შესახებ ოქმების ხასიათის პირდაპირ შეფასება არ უცდიათ, საეჭვოა, რამდენად ჯეროვნად იქნა შეფასებული ჩხრეკის ჩასატარებლად საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობა; ასევე, ის საკითხები, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანებს ჰქონდათ უკანონო ნივთები და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება. ამასთან, ოპერატიული ინფორმაციის ხასიათის, წყაროსა და უტყუარობის არასათანადოდ განხილვის გარდა, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ გასცეს პასუხი მომჩივანთა მტკიცებას, რომ მათ უკანონო ნივთები სამართალდაცავებმა ჩაუდეს.

გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში ჩხრეკის ჩატარება და დამსწრის მოწვევის უფლება: მომჩივანთა პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში, თუმცა, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ არანაირ დასაბუთებას ჩხრეკის გადაუდებელ რეჟიმში ჩატარების აუცილებლობის შესახებ არ შეიცავდა. ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა ისე დააკანონეს ჩატარებული ჩხრეკები, რომ არ იმსჯელეს, რეალურად არსებობდა თუ არა საქმეში გადაუდებელი აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემოწმება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ პროცესუალურ გარანტიასთან, ჩხრეკა ჩატარებულიყო მოწმის თანდასწრებით. დამსწრის მოწვევის გარანტია პოლიციელთა შესაძლო თვითნებობის თავიდან ასაცილებლად ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციელებმა, ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, მომჩივნებს არ მისცეს დამსწრეების მოწვევის საშუალება და ჩხრეკა მხოლოდ პოლიციელთა მონაწილეობით ჩატარდა. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ „გადაუდებელი აუცილებლობის“ არსებობის შემოწმება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებსა და ოქმებზე დაყრდნობით, არ იყო სათანადო საფუძველი მომჩივანთა პროცესუალური უფლებების შეზღუდვისთვის. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მტკიცებულებების სანდოობა ეჭვქვეშ დგას, ამგვარი მტკიცებულებების დასაშვებობის სამართლიანი პროცედურის არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩხრეკის ოქმების კანონერების შემოწმება: საიას ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ჩხრეკის ოქმების კანონიერების შემოწმებაზე ეროვნულმა სასამართლომ პირველ მომჩივანს უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ ჩხრეკის კანონიერება სასამართლოს უკვე შემოწმებული ჰქონდა, ხოლო მეორე მომჩივანის მოთხოვნა ყოველგვარი ახსნის გარეშე დაუსაბუთებლად ცნო. სააპელაციო სასამართლომ მომჩივანებს თავად ჩხრეკის / დაკავების ოქმებსა და პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით უპასუხა, რომ ადგილი არ ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს.

პოლიციელთა ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების გამოყენება: საიას განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციელებს, რომლებმაც მომჩივანთა წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს, სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი დაინტერესება ჰქონდათ, რადგან მომჩივანთა ჩხრეკასა და დაკავებაში სწორედ ისინი მონაწილეობდნენ, და, ამავდროულად, იმ ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ, რომელმაც მომჩივანთა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პოლიციელთა ინტერესი განსაკუთრებით ცხადი იყო მომჩივანთა არგუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები სწორედ ამ პოლიციელებმა ჩაუდეს. ამასთან, პოლიციელთა ჩვენებები იყო ბუნდოვანი. მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა, ეროვნულმა სასამართლოებმა, ყოველგვარი ჯეროვანი მცდელობის გარეშე, მათ შორის, გაერკვიათ, ხომ არ იყვნენ მომჩივნები სამიზნედ ამორჩეული მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო, პოლიციელთა ჩვენებები ავტომატურად ობიექტურ მტკიცებულებებად მიიჩნიეს. შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანთა არგუმენტაცია პოლიციელთა მხრიდან უკანონო ნივთების ჩადების ფაქტთან დაკავშირებით საფუძვლიანად არ შეისწავლეს. დამატებით, სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისად ძლიერი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.


ტლაშაძისა და კაკაშვილის საქმეში ევროპული სასამართლო უმეტესწილად დაეყრდნო საიას ერთ-ერთ წარმატებულ საქმეს, მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში გამოცხადდა. საიას ევროპულ სასამართლოში დამატებით კიდევ ორი საქმე აქვს წარდგენილი, რომლებიც იდენტურ პრობლემებს ეხება.

საიას განცხადებით, “მეგრელიშვილის, ტლაშაძისა და კაკაშვილის გადაწყვეტილებებით ცხადი ხდება, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც პირებს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა.”.

“მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი