ახალი ამბები

„პროფილის“ დახურვა მენეჯმენტის ინიციატივა არ ყოფილა – სალია ასათიანის წასვლაზე

25 მარტი, 2021 • 1772
„პროფილის“ დახურვა მენეჯმენტის ინიციატივა არ ყოფილა – სალია ასათიანის წასვლაზე

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტოკშოუ „პროფილის“ დახურვა მენეჯმენტის ინიციატივა არ ყოფილა და წამყვანი მაია ასათიანი ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ „დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს“.

მაია ასათიანი „რუსთავი 2-ს“, — ტელევიზიას, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, — ტოვებს. მისი თქმით, გადაცემა „პროფილი“ ბოლოჯერ დღეს, 25 მარტს, 22 საათზე გავა.

„დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ. იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, – ამბობს „პროფილის“ ანონსში ასათიანი.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია“, – წერია პაატა სალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პროფილის დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა  „შორენას ეფექტი“, – აცხადებს სალია.

პაატა სალიას თანახმად, მაია ასათიანს ჰქონდა „სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას“.

სალიამ განაცხადა, რომ წარმატებებს უსურვებს გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და დასძენს, რომ „ტელეკომპანია მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“.


„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, რას უკავშირდება მაია ასათიანის ეს გადაწყვეტილება და თუ აპირებს „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემის სხვა ტელევიზიაზე გაგრძელებას, თუმცა ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო.

გადაცემის პროდუსერი ამბობს, რომ კითხვებს პასუხი დღევანდელ გადაცემაში გაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი