მაინინგ ფერმებთან საბრძოლველად და, შესაბამისად, ელექტროენერგიის მზარდი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთში ყველა აბონენტის ინვენტარიზაცია მოხდება. ინფორმაციას აფხაზური მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზეთში რაიონების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების უმნიშვნელო კლებაზე ისაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა ადგილობრივ ელექტროგამანაწილებელი კომპანია “ჩერნომორენერგოს” რაიონული განყოფილებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. აბონენტების შემოწმების შესახებ ინფორმაცია სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გახმიანდა.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად უკავშირდება კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებს. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმა დახურეს. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია.