ახალი ამბები

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შედის

25 მარტი, 2021 • 668
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შედის

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდება, რომელიც დღეს, 25 მარტს, ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა და “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა წარუდგინეს.

საკონსტიტუციო ცვლილებები  2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით კი, ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა 7-დან 4-მდე დაიწევს.

“საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და, შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი, სულ მცირე, 17 დეპუტატის მხარდაჭერა.

ლევან იოსელიანი პარლამანეტს გარეთ მყოფ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად შევიდნენ.

“მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის”, — განაცხადა იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი