“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სენატში საქართველოზე გამართული დებატების შემდეგ ოპოზიციას 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გადატანა მოუწევს.
მისი თქმით, არჩევნები რომ გაყალბებული იყოს, ხალხი ქუჩაში ოპოზიციის მოწოდების გარეშეც გამოვიდოდა.
“ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდა, გამოვიდოდა და დაიცავდა თავის ხმებს. კარგი იქნება, ოპოზიცია ხალხს თუ ყურს დაუგდებს. მართლა არ შეიძლება, ყველაფერში უნიათოები იყვნენ. რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ მიშა საიდანღაც აბულინგებს, ქუჩაში ხალხის შეკრება უნდათ, ვერ აკეთებენ. რაც გუშინ მოსმენები იყო სენატში და ზოგადად რა მესიჯებიც მოდის ევროპიდან, მე მგონი, 15 მაისსაც ვეღარ ჩაატარებენ აქციას და მოუხდებათ ამ აქციის გადატანა. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, ხალხი არ მოჰყვებათ და თვითონაც ძალიან კარგად გრძნობენ ამას”, -განაცხადა სუბარმა.