ახალი ამბები

ნორვეგია Rolls-Royce-ს რუსული ჯგუფისთვის ქარხნის მიყიდვას უკრძალავს

24 მარტი, 2021 • 1277
ნორვეგია Rolls-Royce-ს რუსული ჯგუფისთვის ქარხნის მიყიდვას უკრძალავს

ნორვეგიის სამეფო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბრიტანულ მანქანათმშენებელ კომპანიას, Rolls-Royce-ს არ აძლევს ნებას, გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული Bergen Engine-ს ქარხანა რუსულ კომპანიაზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ქარხანა გემებისა და სხვა საზღვაო ტრანსპორტისთვის აწარმოებს ძრავებსა და სხვა დამხმარე ნაწილებს.

9 მარტს ნორვეგიულმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ დროებით შეაჩერა 150 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქარხნის მესაკუთრე რუსული TMH Group უნდა გამხდარიყო, რომელიც ელმავლებისა და სარკინიგზო მასალების მწარმოებელი კომპანიაა.

“ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, რათა დავასკვნათ, რომ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი, რათა შევაჩეროთ ქარხნის მიყიდვა იმ კომპანიისთვის, რომელიც ისეთი ქვეყნიდანაა, რომელთანაც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში არ ვთანამშრომლობთ”, — განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა მონიკა მალენდმა.

ნორვეგიული მთავრობის განცხადებით, ტექნოლოგიები, რომელიც Bergen Engines-ში იწარმოება, არის რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ინტერესის საგანი და ის გაზრდიდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს.

ბრიტანული როლს-როისი კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ქარხნებისა და საწარმოო საშუალებების გაყიდვას 2022 წლამდე გეგმავს. მიუხედავად მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ნორვეგიასთან ერთად შეეცდებიან იპოვონ სხვა გამოსავალი, რათა ქარხნისა და მასში დასაქმებული 900 კონსტრუქტორის საკითხი გადაწყდეს.

TMH Group-ის განცხადების თანახმად, ისინი იმედგაცრუებულნი არიან ნორვეგიული მხარის გადაწყვეტილებით.


ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნორვეგიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები დასტაბილურდა, თუმცა ყირიმის ანექსიის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მეტოქეობა განახლდა.

მხარეები საერთო საზღვართან პერიოდულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი