ახალი ამბები

საქართველო-ესპანეთის მატჩის დღეს ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს

23 მარტი, 2021 • 1054
საქართველო-ესპანეთის მატჩის დღეს ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 29 მარტს, ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის დღეს, საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შუაღამის 01:00 საათამდე იმუშავებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 24 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ფედერაციის ცნობით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

ფედერაციამ გამოაქვეყნა წესები, რომლის მიხედვითაც:

  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა;
  • ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით;
  • მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს;
  • ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება;
  • მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს;
  • გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა);
  • აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა;
  • ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც;
  • ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს;
  • სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან;
  • სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი;
  • სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი;
  • სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;
  • სოციალური დისტანციის დასაცავად აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი;
  • რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი