ახალი ამბები

ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს – საბანაძე

22 მარტი, 2021 •
ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს – საბანაძე

“ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს”, – ეს განცხადება ტვიტერზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატა საბანაძემ გამოაქვეყნა.

საბანაძემ ტვიტერზე გააზიარა ევროპის რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის პოსტი, სადაც ეს უკანსკნელი ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. იოზვიაკის ცნობით, ამ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და კრისტიან დანიელსონის მიერ წარმართულ მოლაპარაკებების პროცესს ბრიუსელში მხარი დაუჭირეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება დანიელსონი საქართველოში.

ნატა საბანაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, თანამდებობა 20 მარტს დატოვა.

ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ელჩის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩაშლილ მოლაპარაკებებს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის, რომელიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების ჩაშლას ოპოზიცია ხლისუფლებას აბრალებს, ხელისუფლება – ოპოზიციას.

ნატა საბანაძემ ნეტგაზეთს ამ ეტაპზე უარი უთხრა დამატებით განმარტებებზე მის გადადგომასთან დაკავშირებით.

საბანაძის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. ზემოხსენებულ თანამდებობამდე იგი ჰააგაში მუშაობდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად.

მასალების გადაბეჭდვის წესი