საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. სავალუტო ინტერვენციის შემდეგ ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 0.27 თეთრით გამყარდა. შედეგად, ერთი აშშ დოლარი 3.32 ლარი ღირს. 0.09 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.96 ლარია.
დღეს, 22 მარტს ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მანამდე მოქმედი ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 3.33 ლარი, ერთი ევრო კი 3.96 ლარი ღირდა.
თურქეთში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ეროვნული ვალუტა ლირა უფასურდება. CNN წერს, რომ 22 მარტს ლირა 15%-ით გაუფარუდა, შედეგად, თურქეთის ეროვნული ვალუტა თითქმის ისტორილ მინიმუმზეა და ერთი აშშ დოლარი 8.39 ლირა ღირს.
ერთ დღეში მსგავსი მასშტაბის გაუფასურება ქვეყანაში მხოლოდ 2018 წელს, “თურქეთის ვალუტის კრიზის” დროს იყო. ლირის გაუფასურებას წინ უძღოდა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნაჯი აგბალის გათავისუფლება. ის ამ პოსტზე თითქმის ხუთი თვე მუშაობდა და, როგორც CNN წერს, ხელს უწყობდა ბანკის დამოუკიდებლობას, რითაც ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს თურქული აქტივებისადმი ნდობას უღვივებდა. მის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე, 18 მარტს, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი 19%-მდე გაზარდა, მას შემდეგ, რაც თებერვალში ინფლაციამ თითქმის 15%-ს მიაღწია. აგბალის პოსტი თურქეთის პარლამენტის ყოფილმა წევრმა მმართველი პარტიიდან საჰაბ კავჩოგლუმ დაიკავა. როგორც CNN წერს, ერდოღანი არაკონსერვატიული მონეტარული პოლიტიკის მომხრეა, რაც გამოიხატება დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რითიც ინფლაციის ზრდის ტემპი მცირდება. მათივე ცნობით, მსგავს მიდგომებს იზიარებს კავჩოგლუც.