ახალი ამბები

ბრიტანეთის პრემიერი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრება

19 მარტი, 2021 • 708
ბრიტანეთის პრემიერი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ემზადება ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ვაქცინაციას დღეს, 19 მარტს ჩაიტარებს. მისივე განცხადებით, “ვაქცინა უსაფრთხოა”.

“ის, რაც არ არის უსაფრთხო, ესაა კორონავირუსით ინფიცირება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩავიტაროთ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად, როდესაც ჩვენი ჯერი დადგება”, – განაცხადა 56 წლის ბორის ჯონსონმა მედიასთან საუბრისას.

მან მოსახლეობას მოუწოდა ვაქცინაციისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ნაწილში – ინგლისში საკარანტინე ზომების შემსუბუქების პროცესის გაგრძელება.

დღესვე ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც.


გუშინ ევროპის წამლის რეგულატორმა სააგენტომ განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება არის უსაფრთხო და ეფექტური.

მანამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დანიამ, ავსტრიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და სხვებმა შეაჩერეს საკუთარი მოსახლეობის ასტრაზენეკის ვაქცინით აცრა, რადგან არსებობდა წინასწარი ვარაუდები, რომ ამ ვაქცინის გამოყენება ზრდიდა თრომბის განვითარების შანსებს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა უკვე აღადგინეს ასტრაზენეკის ვაქცინის გამოყენება.

სხვა ევროპული ქვეყნებიც გეგმავენ, რომ განაახლონ ვაქცინაციის პროცესი, მათ შორის, სწორედ ამ ვაქცინით.

მასალების გადაბეჭდვის წესი