ახალი ამბები

დღეს შეთანხმება თუ არ მოხდება, ამას ტრაგედიად საერთოდ არ ვთვლი — უგულავა

18 მარტი, 2021 •
დღეს შეთანხმება თუ არ მოხდება, ამას ტრაგედიად საერთოდ არ ვთვლი — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ დღეს, 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით მიმდინარე შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა, ეს ტრაგედია არ იქნება. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.

უგულავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს, თუმცა აცხადებს, რომ სჯობს, ეს შეთანხმების ფარგლებში მოხდეს.

“მოგეხსენებათ, იქ 6 საკითხია, პრინციპული საკითხები გამოკვეთილია და თუ იმ პრინციპულ ორ საკითხზე იქნება თანხმობა, დარწმუნებული ვარ, დანარჩენ ოთხზეც თანხმობის მიღწევა არ გაჭირდება, პირიქით, გაადვილდება. გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს შეთანხმება, რათა იყოს პოლიტიკური სიცხადე, საით მივდივართ.

ვიმეორებ, თუ არ მოხდება დღეს შეთანხმება, ამას ტრაგედიად საერთოდ არ ვთვლი. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება ამა თუ იმ მიზეზით. უბრალოდ, გვინდა, რომ შეთანხმებით მოხდეს არჩევნების დანიშნვაზე, ვიდრე იძულებით. თუ შეთანხმებით არ მოხდება, ბუნებრივია, ეს მოხდება იძულებით. იძულება იქნება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც,” — აცხადებს უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი