ახალი ამბები

მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება – ჯაფარიძე

17 მარტი, 2021 •
მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება – ჯაფარიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკეკები ხვალაც გაგრძალდება. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრეს, “ძალიან რთული” მოლაპარაკებების დღე იყო. ორივე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჯერჯერობით “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმება ვერ შედგა.

“გვქონდა ძალიან რთული მოლაპარაკებები. შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკება, რომელიც ხვალ გაგრძელდება. სხვა კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს, თუმცა კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს მოითხოვს და ეს არის ძალიან რთული პროცესი. ამიტომ ჩვენ ხვალ ამ პროცესს ვაგრძელებთ”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

შეხვედრის შემდეგ ბოკერიამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ დემოკრატიული ოპოზიციის ვალია, დიალოგის შესაძლებლობა გამოიყენოს.

“იმ მომენტში, როცა ეს შეთანხმება შედგება, საზოგადოება ამას გაიგებს. ახლა შეთანხმება არ გვაქვს, უფრო მეტიც, ძალიან მძიმე და რთული მოლაპარაკებების დღე იყო. [შეთანხმების] შანსს რომ ვერ ხედავდე… ჯერ ერთი, ასეთი ვითარება არ არსებობს, რომ შანსს ვერ ხედავდე. თუ პასუხისმგებლობით უდგება ადამიანი, მოქალაქე ან პოლიტიკოსი რაიმე პროცესს, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ვალია, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ”,-აცხადებს ბოკერია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი