“საქართველოს თავდადებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა”, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულად გაწევრიანების მიმართულებით.
“ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად — არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი.
“საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში — 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს” ,— აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.