ახალი ამბები

ამ დრომდე 50-ზე მეტი სახლი დაიწვა | ხანძარი ართვინში

17 მარტი, 2021 • 1247
ამ დრომდე 50-ზე მეტი სახლი დაიწვა | ხანძარი ართვინში

თურქეთში, ართვინის პროვინციაში ხანძარმა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა გაანადგურა.

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის მიხედვით, ხანძარი სოფელ დერეიჩიში [ქართული სახელწოდება ხუმრეთი] გაჩნდა, რომელიც იუსუფელის [ქართული სახელწოდება ახალთი] რაიონს ეკუთვნის.

ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი. სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან ართვინისა და იუსუფელის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი თურქეთის შესაბამისი უწყებებისთვის ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისმაილ ჩათაკლიმ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქმედებს, რათა ხანძარი ჩააქრონ.

სოფლის გამგებლის, საბრი დუმანის განცხადებით, ამ დრომდე 50-ზე მეტი სახლი დაიწვა. “დიდი უბედურება დაგვატყდა თავს”, – განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.

ხანძარს აძლიერებს ძლიერი ქარიც.

როგორც Daily Sabah-ისაა ცნობილი, პირველი სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხისგან იყო აგებული, ხოლო მეზობლად მდებარე შენობები, ხისგან და ბეტონისგან.

ფოტო გარეკანზე: Daily Sabah

მასალების გადაბეჭდვის წესი