ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოკავშირეების წუხილს და შეშფოთებას იწვევს.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო ეფუძნება ისეთ ფასულობებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ამიტომ ალიანსი მიესალმება და წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას და პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, რეფორმების იმპლემენტაციისა და სხვდასხვა ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროების ჩათვლით.
“ეს ასევე არის მიზეზი, რის გამოც მოკავშირები შეშფოთებული არიან, როცა უყურებენ საქართველოში ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ჩათვლით. ჩვენ გვინდა ვიხილოთ სირთულეების გადაწყვეტისკენ სვლა და შემდეგ ვიპოვოთ გზა, სადაც საქართველო შეძლებს რეფორმების იმპლემენტაციას და ეყოლება კარგად ფუნქციონირებადი პარლამენტი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ელის საქართველოსგან დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით და განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას.
სტოლტენბერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთობლივ გამოსავალზე.