ნეტგაზეთი | სიძულვილის ენა ორივე მიმართულებით მოვისმინეთ — პაპუაშვილი ბასილაშვილის საქმეზე სიძულვილის ენა ორივე მიმართულებით მოვისმინეთ — პაპუაშვილი ბასილაშვილის საქმეზე – Netgazeti
RU | GE  

სიძულვილის ენა ორივე მიმართულებით მოვისმინეთ — პაპუაშვილი ბასილაშვილის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს.

ამავდროულად, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია და სიძულვილის ენის პრობლემა.

“ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო ღრმავდება და შეიძლება, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლარიზაციის. ეს არის სიძულვილის შემცველი ენა, რომელიც ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების გარშემო, სამწუხაროდ, ორივე მიმართულებით მოვისმინეთ. ზიზღის და სიძულვილის შემცველი ენა იყო როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართულებით, ასევე, მისი კრიტიკოსების მიმართ იყო გამოყენებული ლანძღვა-გინების, დამამცირებელი,  შეურაცხმყოფელი ენა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სოციალური ქსელების განვითარების თანმდევი პროცესია, როდესაც ადამიანები რასაც სხვას არ აკდრებდნენ პირისპირ ურთიერთობისას, “ადვილად კადრულობენ სოციალურ ქსელში”.

“ეს რეგულაცია-არარელგულაციის საკითხი იმდენად არ არის, რამდენადაც ეთიკის და მორალის. ხშირად “ჰეითერები” ეფარებიან გამოხატვის თავისუფლებას. ერთია, რისი უფლება გვაქვს და მეორე, რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობითვის. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.