საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გაიაზროს საკუთარი “საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა” და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს.
ხელაშვილის თქმით, აუცილებელია ევროპელი პარტნიორების მოწოდება ოპოზიციამ ადეკვატურად აღიქვას.
“დღეს არ არის დრო, ექსპერიმენტები ვატაროთ, რამდენს გაუძლებს საქართველო და მისი ინსტიტუტები. ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ სახელმწიფოს აზიანებს”, — აღნიშნა ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და “პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია”.
“ევროპისკენ გადასადგმელი ყველაზე ძნელი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ 2024 წლისთვის ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც ევროპასთან პარტნიორობით შეუძლია ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებისთვის გამოიჩინა.