ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერის შემდეგ, მიშელს მეორედ ხვდება

15 მარტი, 2021 •
ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერის შემდეგ, მიშელს მეორედ ხვდება

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროს შეხვდა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი “გაფართოებულ შეხვადრაში იღებს მონაწილეობას, სადაც შარლ მიშელიც მონაწილეობს”.

“პრემიერსა და პრეზიდენტ მიშელს შორის პირდაპირი შეხვედრა გაიმართა. შემდეგ იყო ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, შემდეგ პრემიერი [ღარიბაშვილი] მიბრუნდა ევროპის საბჭოში და ახლა იმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

ამ დრომდე არ არის ცნობილი ღარიბაშვილისა და მიშელის საუბრის დეტალების შესახებ. ალექსანდერ დე კროსთან შეხვედრისას კი მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის, ბელგიისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში.


ღარიბაშვილი ხვალ, 16 მარტს, დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

გარდა პრემიერ-მინისტრისა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი