ახალი ამბები

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

15 მარტი, 2021 •
საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.

იტალიის წამლების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის გამოყენების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული ხასიათის და არ უკავშირდება ვაქცინის რაიმე მძიმე გვერდითი მოვლენების აღმოჩენას.

გერმანიის გადაწყვეტილებით, ვაქცინის გამოყენების შეწყვეტა უკავშირდება ადგილობრივი რეგულატორის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო კვლევები სისხლის თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებით.

ვაქცინის გამოყენებას ოფიციალური პარიზიც აჩერებს. ქვეყნები ვაქცინის გამოყენებას ევროკავშირის მედიცინის მარეგულირებლის შეფასების დასრულებამდე წყვეტენ.


ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ისლანდიისა და ნიდერლანების მთავრობებმაც. მიზეზი შესაძლო გვერდითი ეფექტებია, რაც ძირითადად გამოიხატება თრომბის განვითარების მომატებულ რისკში, ხოლო ავსტრიამ შეაჩერა ასტრაზენეკას კონკრეტული პარტიით ვაქცინაცია.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს “გვერდითი მოვლენები”, რომლებიც გამოვლინდა, გამოწვეულია ვაქცინაციით. აღნიშნული დამოკიდებულება გაიზიარა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამაც.

ასტრაზენეკას ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ღრმა ვენის თრომბის 15 და ფილტვების ემბოლიის 22 შემთხვევა, რაც ძირითადად მსგავსია სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი