ახალი ამბები

საქართველოში 10 404 მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია – სამინისტრო

15 მარტი, 2021 •
საქართველოში 10 404 მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამამ 6-დან 16 წლამდე ასაკის 10 404 მოზარდი გამოავლინა, რომელსაც არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რიცხვი შესაბამისი ასაკის მოახლეობის 1.7%-ს შეადგენს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად:

“სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში;

ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები”, – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულის პარალელურად, განათლების სამინისტროს განცხადებით, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, მოზარდებისათვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებელთათვის – სატრენინგო მოდულები.

შემდეგ ეტაპზე, სამინისტროს თქმით, დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების კომუნიკაცია მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში, ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. უწყების განცხადებით, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა:

“პროგრამის განხორციელებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა უწყებასთან ერთად იმუშავა. სამუშაო პროცესში ჩართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. სწორედ ამ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების გამოვლენა”, – აცხადებენ უწყებაში.

UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მლნ ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი