ნეტგაზეთი | ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებების შემდეგ ერთად დასალევადაც გავსულვართ – შამბა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებების შემდეგ ერთად დასალევადაც გავსულვართ – შამბა – Netgazeti
RU | GE  

ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებების შემდეგ ერთად დასალევადაც გავსულვართ – შამბა

“ჩვენ გვქონია საკმაოდ ხისტი მოლაპარაკებები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ ნორმალურად გვისაუბრია, შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად, თუმცაისინი ყოველთვის საკუთარ ინტერესებს, ჩვენ კი ჩვენს ინტერესებს ვიცავდით”, –  აცხადებს სპუტნიკთან ინტერვიუში საქართველოს საკითხზე საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა.

“დღეს მეჩვენება, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები ადამიანია, ვისაც კომპრომისზე წასვლა  შეუძლია. მიუხედავად ამისა, მესმის, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები შეიცვალოს. ამა სწინათ ვკითხულობდი საქართველოში ცნობილი მოღვაწეების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამ პროცესს აქვს მაინც პერსპექტივა, თუმცა ის გრძელვადიანია. ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და გადასაჭრელი იქნება საერთო ინტერესების ფარგლებში გარკვეული საკითხები”.

აქვე, აფხაზი პოლიტიკოსი საუბრობს მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებების შესახებაც ქართულ მხარესთან ვაჭრობის საჭიროების საკითხებთან დაკავშირებით.

“ბოლო დროს ჩემს სიტყვებს ამახინჯებენ, რომ თითქოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსურს. ჩვენ ვერ შევძლებთ ვაჭრობას საქართველოსთან, რადგან საქართველო ამაზე არ წამოვა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო არ მოაწერს ხელს. ჟენევაში ათ წელზე მეტია ვცდილობთ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას, თუმცა საქართველო ამას განიხილავს როგორც სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას და არ არის თანახმა.

თუმცა 1997 წელს, როდესაც მე და ვლადისლავ გრიგორიევიჩი [არძინბა] თბილისში ჩავედით პრიმაკოვის შუამდგომლობით, არძინბამ და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობაზე და ძალის გამოყენების მუქარაზეც კი, მაგრამ შემდეგ იყო 1998 წლის მოვლენები.
მე ვსაუბრობდი [უკანასკნელ ინტერვიუებში] არა იმაზე, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, არამედ იმაზე, რომ იმ საქონელზე, რომელიც კონტრაბანდით შემოდის, დაწესდეს გადასახადი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა”.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი