ახალი ამბები

“ხელისუფლებასთან განსახილველ საკითხებს დაემატოს მედიის თავისუფლება” — სამნიძე

12 მარტი, 2021 •
“ხელისუფლებასთან განსახილველ საკითხებს დაემატოს მედიის თავისუფლება” — სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ პოლოტიკური კრიზისიდან გამოსავალთან დაკავშირებულ დიალოგში განსახილველ საკითხებს მედიის თავისუფლება დაემატება.

ამის შესახებ სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“გზავნილები იქნება იგივე 6 პუნქტის ფარგლებში, რაც ჩამოთვლილია შარლ მიშელის დოკუმენტში. დღეს ნდობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა – ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით და მედიაციის პროცესი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებზე. დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს დგას დღის წესრიგში.

მე ვფიქრობ, ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამ საკითხებს დაემატება მედიისა და სიტყვის თავისუფლება. პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა და სივრცის გაჩენა, რომ ვილაპარაკოთ ნებისმიერ პუნქტზე. ამას გადაწყვეტს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, პოტენციური ახალი არჩევნებიც იქნება თემა, ეს არის დღის წესრიგში და ყველა სხვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. ვგულისხმობ, ამბიციურ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას”, — განაცხადა სამნიძემ.

კრისტიენ დანიელსონს ხვდებიან  სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი ენმ-დან, ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მანამდე დანიელსონმა შეხვედრა გამართა “ქართულ ოცნებასთან”. პოლოტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი