საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა დაუბალანსებელი ოქმები, თუმცა მისი მასშტაბი არ ყოფილა იმ ზომის, რომ გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის შესახებ საუბარია საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა.
IRI-ის საარჩევნო ანგარიში მოიცავს 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში და ასახავს გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.
IRI-ის ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე.
“მიუხედავად აღნიშნულისა, არსებულ კანდიდატებს შორის დებატების სიმცირე და უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო იწვევდა საარჩევნო პროცესების ფოკუსირებას პიროვნებებზე და რიტორიკაზე და არა — პოლიტიკაზე ან მოქალაქეების საჭიროებებზე”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამკვირვებელთა სანდო ჯგუფები და არაერთი თანამოსაუბრე, რომლებთანაც IRI შეხვედრებს მართავდა შეფასების მთელი პერიოდის განმავლობაში, აღნიშნავდნენ დარღვევების შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების იძულებისა და დაშინების ფაქტებს, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების, პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ჩარევისა და სხვა უკანონო ქმედებების შესახებ. ხარვეზები გამოვლენილი იქნა ასევე შედეგების მართვის, შემოწმებისა და დადასტურების პროცესში.
“გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა შედეგების დათვლის, გადამოწმებისა და დადასტურების თვალსაზრისითაც. საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე ხმის დათვლისა და შედეგების გადამოწმების სისტემების ანალიზისა და შემაჯამებელი ოქმების გადამოწმების შედეგად გაჩნდა შედეგების შესაძლო მანიპულაციის შესახებ ეჭვი. ამას გარდა, ჩართულმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებსაც IRI შეხვდა, განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ ნდობა საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულების მიმართ, საარჩევნო საჩივრების განხილვისთვის აუცილებელი პირობების არარსებობის გამო. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობის უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ”, — ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია საუბრობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ნაკლებობაზეც, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კომისიების ქვედა რგოლში პოლიტიკურად მიკერძოებულ დანიშვნებზე, რაც, მათი თქმით, ზრდის პოლიტიკური აქტორებისა და საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას.
“მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელება და აღსრულება. კანონის არაეფექტურმა გამოყენებამ საზოგადოების მრიდან გამოიწვია კრიტიკა იმის შესახებ, რომ, მაგალითად, სისხლის სამართლის ზოგიერთი მუხლის აღსრულება შერჩევით ხასიათს ატარებს”, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და რეგიონალურ დონეზე შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული.
“ზოგადად, საარჩევნო კომისიები იცავდნენ არჩევნების დღის გახსნისა და ხმის მიცემის პროცედურებს და ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს პროფესიონალურად. პროცედურული დარღვევების შესახებ განაცხადები გააკეთეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და ადგილი ჰქონდა უშუალოდ ანალიტიკოსთა ჯგუფის მონიტორინგის დროსაც, თუმცა პროცედურული დარღვევები უმეტესად მცირე
იყო”, — აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ხმის დათვლასა და შედეგების შეჯამებას, ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფებმა, მათ შორის, მისიის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მათემატიკურად დაბალანსებელი ან სხვა ხარვეზის მქონე ოქმების დიდი რაოდენობა იყო.
მათი თქმით, დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების უმეტესობა ეხებოდა დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბლანსირებული შემაჯამებელი ოქმების, შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
“პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ცესკომ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, თანდართული ახსნა -განმარტებები და ცვლილებები, მათ შორის ოქმები აშკარა მათემატიკური შეუსაბამობით და სხვა ხარვეზებით – თუმცა ბევრი ოქმი სწრაფად გასწორდა არჩევნების დღის შემდეგ. მიუხედავად ამისა, გამჭვირვალობის ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი ბოროტად გამოიყენა ზოგიერთმა პოლიტიკურმა აქტორმა, რომლებმაც გაავრცელეს წუნდებული ოქმები, რათა ყურადღება გაემახვილებინათ შედეგების ფალსიფიკაციაზე, რაც მიმართული იყო ცესკოს დისკრედიტაციისკენ. ამ მიზნით, ასევე, შეიქმნა საეჭვო წარმომავლობის სპეციალური გვერდი Facebook- ზე სახელწოდებით “ყალბი ოქმები”.
მონიტორინგის ჯგუფებმა, მათ შორის მისიის ანალიტიკოსებმა, აღნიშნეს, რომ მათემატიკურად დისბალანსირებული ან სხვა ხარვეზის მქონე ოქმების დიდი რაოდენობა იყო. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციამ iFact- მა გადაიანგარიშა ყველა პროპორციული ოქმის შედეგები, არჩევნების ღამეს ან პირველი ნოემბრის დილით შედგენილი ცვლილებების ოქმების გათვალისწინებით. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ქვეყნის 3,791 პროპორციული ოქმიდან 930 (25 პროცენტი) ოქმში არ იყო დაცული ბალანსი”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
IRI ასევე აფასებს საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს მედიაგარემო თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საერთო ჯამში, მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებული იყო და მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარსულ და ამჟამინდელ პოლიტიკურ აქტორებთან და ბიზნესჯგუფებთან.
“ამ რეალობამ ხელი შეუწყო სარედაქციო პოლიტიკის ზეგავლენით მომზაედბული და არა ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბების სიმრავლეს და მნიშვნელოვანი გამონაკლისების გარდა, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ონლაინ სივრცეში, სადაც ხშირად მედიასაშუალებები ვერ ასხვავებდნენ ფასიან და რედაქციის ინიციატივით მომზადებულ მასალას. სატელევიზიო მედია, ქართველებისთვის ახალი ამბებისა და ინფორმაციის მთავარი წყარო, ჩვეულებრივ აღიქმებოდა ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერად”, — აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ დაშინების ფაქტებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციამ, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებმა და დისბალანსირებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს.
“გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის ზედა დონეზე სუსტი რეაგირების გამო საზოგადოებირივი ნდობა საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ დაბალი დარჩა, განსაკუთრებით, შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის ჭრილში. ამავე დროს, პარტიულმა პოლემიკამ შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე – განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ ცესკოს დისკრედიტაციას”, — ნათქვამია ანაგირიშში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესის არასათანადოდ შესრულებამ შეაფერხა პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლება, გაეგრძელებინათ იურიდიული დავები, რადგან ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან პროცედურული ბარიერების გადალახვაზე, ვიდრე თითოეული საჩივრის შინაარსზე.
ანგარიშის დასკვნის თანახმად, შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საზღვრების ბუნდოვანება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ისევე როგორც პოლიტიკასა და მედიას შორის, გაგრძელდა მთელ რიგ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მმართველ პარტიაში და (ნეგატიურად) დაარეგულირა საარჩევნო დარღვევები, რომელთა უმეტესობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას, მაგრამ დარჩა დაუსჯელი.